საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

ჩემი სკოლა

 

 

მინდა, მოგითხროთ ჩემი სკოლის შესახებ.

მე ვარ ნათია ილურიძე. ვსწავლობ ინფორმატიკის პროფილის N41 საშუალო სკოლის XI2 კლასში. ამ სკოლაში იღებენ მოსწავლეებს, რომლებმაც დაამთავრეს საბაზო სკოლა ანუ ცხრა კლასი. მე 169-ე საშუალო სკოლიდან გადმოვედი. თავდაპირველად ძალიან მენატრებოდა ძველი სკოლა, მაგრამ შემდეგ შევეჩვიე ამ გარემოს და მალე შემიყვარდა კიდეც.

ჩვენ სკოლას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ეს შენობა, თურმე, ერთმა სომეხმა ვაჭარმა აუშენა თავის მხატვარ ქალიშვილს 1890 წელს. შემდეგ ამ შენობაში განთავსებული იყო მთაწმინდის რაიონის სასწავლო-საწარმოო კომბინატი, რომელიც 1992 წელს გაუქმდა და დაარსდა III საფეხურის შრომითი პროფილის N41 საშუალო სკოლა (მის სათავეებთან იდგნენ სკოლის დირექტორი - ი. დარჩია და იმჟამინდელი სასწავლო ნაწილის გამგე - დ. კოტორაშვილი.). 2003 წლიდან კი იგი ცნობილია, როგორც ინფორმატიკის პროფილის N41 საშუალო სკოლა, სადაც გაძლიერებული პროგრამით ისწავლება ინფორმატიკა.

სკოლის დაარსების დღიდან არსებობდა ორი პროფილი - შრომისა და ინფორმატიკის. შრომის გაკვეთილებზე მოსწავლეები სწავლობდნენ ფერწერას, ხეზე ჭრას, კერვას, ქარგვას, გობელენის ქსოვას. ისინი საკმაოდ დიდი ინტერესით მუშაობდნენ (ეწყობოდა მათი ნამუშევრების გამოფენები.), ზოგიერთ მათგანს კი ეს პროფესიის არჩევაში დაეხმარა - სამხატვრო აკადემიაში გააგრძელეს სწავლა.

თავდაპირველად, სკოლას ერთი კომპიუტერიც არ ჰქონდა. მოსწავლეები, ინფორმატიკის გაკვეთილზე სწავლობდნენ მხოლოდ პროგრამირების ენებს, წერდნენ პროგრამებს, მაგრამ თავიანთი ნამუშევრის შედეგს ვერ ხედავდნენ. 1997 წლის მარტში განათლების სამინისტროს სამეცნიერო-სასწავლ საწარმოო გაერთიანება "ინფორმატიკამ" სკოლას გადასცა სასკოლო ტიპის კომპიუტერები Yamaha, რომელიც ახლა აღარ გამოიყენება.

დღეს სკოლას გააჩნია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინფორმატიკის კაბინეტი. სწავლება მიმდინარეობს რამდენიმე განხრით: პროგრამირება, Web-დიზაინი და ელექტრონული ოფისი. მე ამ უკანასკნელს ვეუფლები.

დღეს, ჩევნ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მოწმენი ვართ. ამიტომ, აუცილებელია, სკოლაში გამოვიმუშავოთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები. გარდა იმისა, რომ ჩვენი სკოლა ამ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში გვეხმარება, მე იგი მომწონს იმითაც, რომ აქ ტარდება უამრავი ღონისძიბა: კონფერენციები, ოლიმპიადები, სასწავლო ექსკურსიები, საღამოები და სხვა. ამაზე მეტყველებს სკოლის პირველი საიტი, რომელიც ააწყო დავით თვალაძემ, მონაწილეობა მიიღო ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დაჯილდოვდა პრიზით - ყველაზე ახალგაზრდა Web-დიზაინერი.

2004 წელს ანა გავარდაშვილმა ააწყო Web-საიტი ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრება და მოღვაწეობა (http://chabukiani/iatp.ge), რომელიც წარდგენილი იყო რესპუბლიკურ კონფერენციაზე და დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით.

ასევე I და II ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ (ქართულ ენასა და ლიტერატურაში) სასწავლოშემოქმედებითი კონფერენციის მონაწილეები: დარინე მწარიაშვილი და ია ბერუაშვილი.

2002 წელს სკოლამ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო გრანტების კონკურსში და გაიმარჯვა. სკოლის მიერ წარდგენილი პროექტის სახელწოდებაა ინტერნეტი სკოლაში. პროექტის ავტორია ინფორმატიკის პედაგოგი - შორენა აბესაძე.

იმისათვის, რომ მოსწავლეები უფრო მეტად დაინტერესებულიყვნენ ინფორმატიკის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლით, სკოლამ მიზნად დაისახა გამოეცა საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი (ბეჭდვითი და ელექტრონული სახით), რომელიც მოსწავლეთა მიერ მომზადდებოდა და დაიბეჭდებოდა.

პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობდით ჩვენ, XI2 კლასის ელექტრონული ოფისის განხრის მოსწავლეები, მაია მასწავლებლის ხელმძღვანელობით.

2004 წელს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. პროექტის ავტორი იყო ინფორმატიკის მასწავლებელი - მაია ჯოხაძე. პროექტი მოიწონეს, მაგრამ იმის გამო, რომ სკოლას იმ დროისათვის არ ჰქონდა ლაზერული პრინტერი, დაგვაჯილდოდვეს LazerJet 1015-ით.

სკოლაში ინფორმატიკის გამოცდა საკმაოდ საინტერესოდ ტარდება. მოსწავლეებს უხდებათ მათ მიერვე დამუშავებული საგამოცდო ნაშრომების დაცვა. ოქტომბრისთვის მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ და საინტერესო თემას, აგროვებენ საჭირო ინფორმაციას და ფოტომასალას წიგნებიდან თუ ინტერნეტიდან, ამუშავებენ და დამუშავებული მასალა ინფორმატიკის გაკვეთილებზე შეაქვთ კომპიუტერში. ბოლოს კი ნამუშევარს წარმოადგენენ Web-გვერდის ან Slide-Show-ს სახით. ეს საკმაოდ საინტერესო შემოქმედებითი პროცესია.
სკოლაში ყოველ წელს ტარდება საახალწლო კარნავალი. ჩვეულებ
ა არც 2005 წლისათვის დაირღვა. 24 დეკემბერს ჩატარდა არაჩვეულებრივი ღონისძიება, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო ამ კარნავალს ვერ დავესწარი. როგორც ამხანაგებმა გადმომცეს, არაჩვეულებრივი სანახაობა და გართობა გამომიტოვებია.

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ სკოლაში გადმოვედი. მიხარია, რომ ერთი წლის წინ სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო სკოლაა, თანაც, იგი დამეხმარა მომავალი პროფესიის არჩევაში. სანამ აქ გადმოვიდოდი, არ ვიცოდი ცხოვრებაში რა უნდა მეკეთებია, აქ კი მივხვდი ჩემი მოწოდება კომპიუტერებია.

სკოლაში არსებობს სამლოცველო. (ჩემი აზრით, ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს პატარა კუთხე, სადაც მოსწავლეს თუ მასწავლებელს შეეძლება შესვლა, სანთლის ანთება და საკუთარ თავთან და ღმერთთან მარტო დარჩენა, თუნდაც ორიოდე წუთით).

- მოსწავლე აღებს სამლოცველოს კარს, შედის, ანთებს სანთელს, ლოცულობს და თითქოს განწმენდილი, მშვიდი და იმედიანი გამოდის იქიდან.
 

XI2 კლასის მოსწავლე
ნათია ილურიძე
   

                               

Сайт создан в системе uCoz