საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

"არ მოედება შენს ფიქრს ბალახი"


 

   ერთ ლექსში ო. ჭილაძე წერს: ,,ვერ მივაჭედე სულს სახელური, რომ გამოაღოს ყველამ კარივით." ო. ჭილაძის პოეზიაში ჩაძიება და მისი სიღრმეების გააზრება სწორედ მისი სულის კარის გაღების ტოლფასია. მაგრამ სანამ ამ კარს გამოვაღებთ, უნდა გამოვარკვიოთ მწერლის სულიერი იდუმალების, მარტოობის, სევდისა თუ მხიარულების მიზეზი.

ო. ჭილაძის ძირითადი პრინციპია, რაც შეიძლება მეტად ჩამოაშოროს ყოველივე დროგადასული ნიშანი თავის შემოქმედებას და თავისი მკითხველი სულიერი ცხოვრების წიაღში შეიყვანოს. ბუნებრიობა და ნამდვილობა მისი სულის თვისებაა.

"მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი,

როგორც ვცხოვრობდი - კარგად თუ ცუდად".

მხატვრული შემოქმედება ხშირად გამონაგონს გულისხმობს და ეფუძნება. მწერალი რეალურ სამყაროს ირეალურსაც უმატებს და ისე აწვდის მკითხველს, მაგრამ ჭილაძის ლექსებში გამონაგონს ვერ შევხვდებით. ყველაფერი მწერლის მიერაა განცდილი და ნაგრძნობი.

ო. ჭილაძის უდიდეს ღირსებას წარმოადგენს ის, რომ იგი არაა თავის თავში დაჯერებული, ამიტომაც წერს:

"მე კი ვერაფრით ვერ მიპოვნია

სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს."

პოეტი ძალიან განსხვავებულ ფორმას ირჩევს თავისი პოეზიისთვის. აქ არ არის დაძაბული ფრაზები, ო. ჭილაძე სათქმელს შორიდან უვლის და ყველაფერს თავისებურად გვეუბნება. მისთვის მთავარი ის კი არ არის, თუ რა ხდება გარეთ, არამედ ის, თუ რა ხდება სულში. მისი პოეზია განმარტოებას და საკუთარი ფიქრებისა და ემოციების გაანილიზებას მოითხოვს

 

"და შეიძლება შენს ფიქრში უცებ

აღმოაჩინო ოქროს საბადო".

ქართულ ლიტერატურაში არ მოიძებნება მწერალი, რომელსაც არ დაუწერია სამშობლოზე, რომელსაც გვერდი აუვლია პატრიოტული თემატიკისთვის. ქართევლი კაცისთვის ხომ, ყოველთვის, ჯერ სამშობლო იდგა და მერე _ სხვა დანარჩენი. ამდენად, ბუნებრივია, ო. ჭილაძის ლექსების ერთი ნაკადი სამშობლოს ეძღვნება. ეს ნაკადი სულიდან მოდის, იგი გულრწფელია და სიყვარულით სავსე:

"შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,

გულზე არხლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,

ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,

დაულეველო სამშობლოვ ჩემო!

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,

როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი

და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე

შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი."

ვფიქრობთ, ეს ფრაზები კომენტარს არ საჭიროებს. თვით უმდიდრეს ქართულ პოეზიაშიც კი იშვიათია ასეთი სიმძაფრის პოეტური სტრიქონები. ამ პატარა ლექსით ხომ ყველაფერია ნათქვამი.

,,ცხოვრება - რას გულისხმობს ეს ცნება? ცხოვრება ტკივილია, ცხოვრება სიხარულია. ცხოვრებაა ყველაფერი: მარტოობა და სევდა, მხიარულება და ღიმილი, პატარა ქოხი სოფლის შარაზე, რომელშიც ვიზრდებით, ან დიდი ქალაქი, რომელშიც მთელი სიცოცხლე დავბორიალობთ, მაგრამ ცხოვრება, პირველ რიგში, სიყვარულია.

"ფრთხილად, ცხოვრება იწყება ასე!"

დიახ, ცხოვრება სიყვარულით იწყება, სიყვარული კი გრძნობათა და განცდათა ჯადოსნური ნაზავია. პოეტი უდიდეს ძალას გრძნობს საკუთარ თავში, სასიცოცხლო ძალას, რომელიც სიყვარულის ჩასახვისას იბადება ადამიანში და მისი დამთავრების-თანავე ქრება.

"ჩემში იქნება დევების ძალა,

სანამ მიყვარხარ და მეყვარები,

სანამ გრძელდება და ფეთქავს კვალი

და სასწაულად გთვლიან თვალები . . ."
მას სურს ორმხრივი სიყვარული, ორმხრივი განცდა ბედნიერებისა.

"და ნუ მთხოვ ძმობას, მე მინდა ქალი,

თუ ჩემი ნეკნი ქცეული ქალად."
სურს ვინმესთან ერთ სულ და ერთ ხორც ყოფნა, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ეს? იქნებ ამას:

"და მე შემეძლო მეხილა ცოცხლად,

რაც იგულისხმა ბუნებამ შენში."

ამ სიტყვებში დიდი სიყვარულია ჩაქსოვილი, სიყვარული, რომელსაც ძალიან უფრთხილდება ო. ჭილაძე, რომლის დაკარგვისაც ეშინია.

"თუ გამითავდა შენზე ფიქრები,

როგორც გადამწყვეტ წუთში ვაზნები."
საოცარი შედარებაა, სიყვარულის დაკარგვა სწორედ გადამწყვეტ წუთში ვაზნების გათავებას გავს, ვაზნების გათავებას მაშინ, როდესაც სიცოცხლისთვის იბრძვი.

საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩენას საოცარი მხატვრული სახით გადმოგვცემს პოეტი:

"გესმის, უშენოდ ჩემი ხელები

გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს."
ნიჩბებს, რომლებიც აღარავის სჭირდება, რომლებიც ზღვის ზედაპირზე პატრონის გარეშე, მარტოდმარტო დაცურავენ და იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ ზღვაში ჩაიძირონ და დაიხრჩონ.

"და მე შემეძლო ვიღაცის გამო,

დამეთმო ფიქრი ვიღაცის თხოვნით,

მერე კი ვწუხდი და მთელი ღამე,

დოლების ხმაზე დნებოდა თოვლი."

სადამდე შეილება მივიდეს სიყვარული! თურმე შეიძლება, საკუთარ ფიქრებზედაც თქვა უარი ვიღაცის გამო; ვიღაცის გამო დათმო საკუთარი პრინციპებიც-კი და უბრალოდ გიყვარდეს.

"ვერ დაგივიწყებ და ალბათ ხვალვე

მომენატრები კვლავ მთელი ძალით."'

უდიდესი სიმძაფრე იგრძნობა ამ სიტყვებში. ავტორი ხაზს უსვამს თავის სიყვარულს, რომლის დაკარგვასაც ვერ გადაიტანს.

"მოდი, მომშივდა, მომწყურდა, მცივა,

ვერ დაგივიწყე, ვერა და ვერა."

პოეტის შიმშილს, წყურვილს, სიცივეს, მხოლოდ ერთი პიროვნება დააკმაყოფილებს, პიროვნება, რომელის დავიწყებაც უნდა, მაგრამ ეს ადვილი არ არის. სიყვარული ისეთი ძლიერი გრძნობაა, რომ მისგან თავდახსნა შეუძლებელია, რადგან მთელი ცხოვრების წამებას გადაწონის ერთი წუთი, ერთი დღე, მომენტი, როდესაც ადამიანი ბედნიერია, როცა შეუძლია თქვას:

"გაჩენის დღიდან თითქოს ყველაფერს

მხოლოდ ამ ერთი დღისთვის ითმენდი."

"ო. ჭილაძის პოეზია შინაგანი დრამატიზმით ხასიათდება. მისი ყოველი პოეტური ნაწარმოები სულიერი ტკივილის უკუფენაა" და ამდენად, ჩვენში ტკივილს ბადებს, მაგრამ მშვენიერია ეს ტკივილი, მშვენიერია, რადგან ხელოვნებითაა განპირობებული და უშუალოდაა განცდილი და გადმოცემული.

"მე ვმალავ, მაგრამ ჯერ კიდევ ვღელავ,

ჯერ კიდევ მტკივა, მაგრამ არ მინდა,

რომ თანაგრძნობით შემხედოს ყველამ."

მწერალი თავის ტკივილებს აშიშვლებს მკითხველის წინაშე, მაგრამ შეცოდებას და თანაგრძნობას არ ითხოვს, მას მოსმენა და თანაგანცდა სჭირდება. მოდით, ვიყოთ მისი მსმენელები, ფრთხილად მივუგდოთ ყური, რადგან იოლი არ არის გულის გადაშლა და განდობა, იოლი არ არის საკუთარ ტკივილზე საუბარი. თავად ავტორიც ხომ ამბობს: ,,მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს."

ო. ჭილაძეს თავისი ტკივილის გაზვიადება არ უყვარს, მისი დევიზი ხომ ბუნებრივობა და ნამდვილობაა. პოეტი გადმოგვცემს იმას, რაც გულში აქვს და არაფერს ზედმეტს:

"მე, რა თქმა უნდა, არ ვაზვიადებ

ტკივილს, რომელსაც ვიტან და ვუვლი."
და არა მარტო უვლის, არამედ ებრძვის კიდეც ამ ტკივილს, უფრო სწორად, იარას.

"მე როცა მტკივა,

ვეძებ და ვებრძვი ხოლმე იარას."

ტკივილს უნდა შეებრძოლო და დააცხრო, თუნდაც მისი ადგილი სხვა ტკივილმა დაიკავოს. "მხოლოდ ტკივილი დაგვიხრობს ტკივილს," _ ეს სრული ჭეშმარიტებაა, თუმცა, ყოველთვის არაა საჭირო ტკივილის სხვა ტკივილით შეცვლა. ალბათ უფრო კარგი იქნება, თუ ბედნიერებით შევავსებთ მის ადგილს. ტკივილს თავად უნდა შეებრძოლო ადამიანი, ის შენია და სხვას არ აინტერესებს, არ აწუხებს:

"და სხვას არასდროს არ შეაწუხებს

ის, რასაც შენი წუხილი ჰქვია."
საკუთარი თავის მკურნალი თვითონვე უნდა იყო. მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, როდესაც საკუთარ თავს ვეღარ ერევი? როცა ტკივილი შენს სულში იბუდებს?

"როცა ქარს ტკივა, რაღა თქვას კაცმა,

ხომ არ იკივლოს კაცმაც ქარივით?"
კივილი ზოგჯერ კარგი საშუალებაა, მაგრამ ბოლომდე ვერ კურნავს.

ო. ჭილაძე თავის შინაგან განწყობილებას ასე გადმოგვცემს:

"მე მარცვალი ვარ ღმერთის კალთიდან გადმოვადნილი

და ღმერთმა იცის, რა მელოდება:

ჩიტის ჩიჩახვი, თუ ქვის საწოლი,

ეკალ-ბარდები, თუ თბილი ხნული."

ო. ჭელიძეს საყვედური მაინც არ დასცდება უფლის წინაშე, პირიქით, იგი წარსულისთვისაც მადლობას ეტყვის უფალს, წარსულისთვის, რომელშიც ბევრი რამ მტანჯველი იყო.

"მადლობელი ვარ ამ ტკივილისთვის

მადლობელი ვარ სიმარტოვისთვის."

პოეტი ამ ცხოვრებით არ არის უკმაყოფილო, იგი ყველაფრისთვის მადლობელია, ტკივილისთვის, სევდისთვის, სიხარულისთვის:

"მადლობელი ვარ მწარე კვამლისთვის,

მადლობის მეტი რა მეთქმის ახლა."

შეიძლება მას კიდევ მოელის ტანჯვა, ტკივილი ან სიხარული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიცოცხლე მაინც სწყურია, როგორც ყველა ადამიანს:

"მაგრამ სიცოცხლე ჯერ არასოდეს

არ მდომებია ასე მტანჯველად."

მას მაინც აქვს იმედი, იმედი უკეთესი მომავლისა. გულში, ხომ მუდამ არის იმედის ადგილი. მაშინაც კი, როცა უიმედოდ ხარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მის ადგილს ყოველთვის იმედი იკავებს.

"უიმედობას იმედი მოაქვს,

ცუდია, როცა პირიქით ხდება."
მართლაც ცუდია, საშინელებაა! ადამიანმა უკეთეს დღეებზე უნდა იფიქროს, მაგრამ უარესისთვისაც მზად უნდა იყოს.

"და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,

თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ."

მიუხედავად დიდი ტკივილისა, მიუხედავად იმისა, რომ უღმერთობის განცდა ეუფლება მწერალს ("ოჰ ღმერთო, თუმცა არ არის ღმერთი, არ არის, ანდა არ იყო მაშინ") მას მაინც ვერ ერევა უიმედობა:

"მე იმედისთვის ყოველთვის ვტოვებ

პატარა ადგილს და ბევრი დრო მაქვს."

უსასოობა ხომ ყველაზე დიდი ცოდვაა, უსასოობა ხომ უღმერთობას მოაქვს.

ო. ჭილაძე, ხშირად, ჩუმი ტკივილით ჩამოაგდებს ხოლმე სიტყვას ღმერთზე, რომელიც დაივიწყა ხალხმა.

"ღმერთი კი ისევ

შორს იყო ჩვენგან,

რადგან არავის

აღარ გვახსოვდა."
იგი განიცდის, რომ ხალხს აღარ ახსოვს ღმერთი, რომ ღმერთს აღარავინ უგდებს ყურს, რომ

" . . . დღეს პატარა კაცია ღმერთი...

ღმერთის თანხმობას და ღმერთის უარს

ყურს უგდებს მხოლოდ ათაში ერთი."
რისთვის ცხოვრობს ადამიანი, თუ არ უყვარს ღმერთი? იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი ვინმე უყვარდეს და სხვა ყველა და ყველაფერი დაივიწყოს? ბედნიერი ალბათ ის არის, ვისაც მთელი სამყარო უყვარს, ყველათი და ყველაფრით, ვისი გულიც სავსეა ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით. ასეთია ო. ჭილაძე, ამიტომაც ამბობს:

"ღმერთო, რამდენი ვინმე მყოლია დასაფიცარი!"
და როცა ამას აღმოაჩენს ადამიანი, როცა ამას გააცნობიერებს, უცნაური სიმშვიდე ეუფლება სულს:

"მე ვიყავ მიწა და ჩემს წყვიადში

ფესვივით მშვიდად ფეთქავდა გული,"
გული, რომელიც სავსეა სიცოცხლით და დასახარჯს დაუნანებლად ხარჯავს.

"რაც დასახარჯი არსებობს, ვხარჯავ;

რაც დასანახი არსებობს, ვნახე

და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე."
და რადგანაც ბოლომდე იხარჯება, შესწევს ძალა, თქვას: ,,მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს," და მას ვერავინ შეეკამათება.

შემოქმედება იმის საშუალებას იძლევა, რომ პოეტის ნაგრძნობ-ნაფიქრი თაობებს გადაეცეს, ხოლო ინტერესი ო. ჭილაძისადმი, ვფიქრობთ, არ განელდება, პირიქით, უფრო გაძლიერდება.

"დაიმახსოვრებს ვინმე ზეპირად

არ მოედება შენს ფოქრს ბალახი,

თუ სიყვარულმა აგაღებინა

ხელში კალამი, ვით იარაღი."

ო. ჭილაძის შემოქმედებას ხავსი არასდროს მოედება, იგი არაერთ მკითხველს დაამახსოვრებს თავს, ხოლო სიყვარული კიდევ მრავალჯერ ააღებინებს კალამს ამ შესანიშნავი ლექსების ავტორს.


 

ნათია არსენიშვილი

X2 კლასის მოსწავლე

Сайт создан в системе uCoz