საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

"...  მარტო იყო უდაბნოსავით ..."

 

   

 ნიკო სამადაშვილი  - კაცი, რომელიც ნისლებს დაუმეგობრდა; ვინც ,,შეხვდა ღმერთებს, და გაუხვია სივრცეებს ცერად"; ,,ვინც იწანწალა მიწაზე დიდხანს და თავის ჩრდილიც ვეღარ იპოვნა..." ,,ვინც ზურგშექცეულ მეგობრების ცქერით დაოსდა"; ,,ვისაც გრიგალმა ვერ მოაგლიჯა წყვდიადი მკერდზე დამაგრებული"; ვისაც ,,შეეძლო პოეტური უმანკოება";

,,ვისთვისაც ზეცა დაპატარავდა,

ვისაც არ ჰქონდა სარკმელი მზისკენ

და რიჟრაჟებში შუქს იპარავდა"...

,,ვინც ჰგავდა თოვლზე გადაღვრილ ღვინოს", ,,ვინც ლაჟვარდებში მუხლის ჩოქით გადაიპარა"..

ნიკო სამადაშვილის ეს ფრაზები ზედმიწევნით ესადაგება მისსავე პიროვნებას და ბიოგრაფიას. ვფიქრობთ, ამაზე უკეთ ვერც ერთი მკვლევარი ვერ შეძლებდა მის დახასიათებას და მისი ცხოვრებისა თუ შემოქმედების შეჯამებას. ეს ბუნებრივიცაა, ნიკო სამადაშვილი ხომ თავის ლექსებსა თუ მოთხრობებში ძალიან ხშირად ესაუბრება საკუთარ ორეულს, ეს მწერლის ერთგვარი ცდაა ,,აღადგინოს თავისი სულიერი ბიოგრაფია" (ეს განსაკუთრებით იგრძნობა წიგნში ,,შეხვედრები და სინანული"). ,,ნ. სამადაშვილმა ეს მხატვრული ხერხი, როცა გმირი საკითარ თავს ისე შეჰყურებს ან ისე ექცევა და ესაუბრება, როგორც სხვას, ერთიან ლიტერატურულ მეთოდად გაიაზრა". ამიტომ თავს უფლებას მივცემთ და ნ. სამადაშვილის დასახასიათებლად მისსავე ფრაზებს მოვუხმობთ:

,,იცხოვრა, მაგრამ არ სწამდა ბედი,

ის ღრუბელივით გადაიყარეს,

ის, პოეზიის უშრეტი ყბედი".

,,XX საუკუნის ქართველ პოეტთა შორის მეორე არავინ მეგულება, ვინც სამადაშვილივით ასეთი სიტყვამომჭირნეობით ქმნიდეს თავის პოეზიას, ეტყობა ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს, მთავარი კი მაინც ეს მგონია: საგნებისა და მოვლენების, პოეტური ხილვების ლაკონურად ჭვრეტის ღვთივმომადლებული უნიკალური ნიჭი",_ წერს ჯემალ მეხრიშვილი და მართლაც, დიდი პოეტური ენერგიით არის დატვირთული სამადაშვილის ყოველი სტრიქონი, დიდი გამომსახველობა გააჩნია ცალკეულ ხილვას, ცალკეულ სახეს.

ძლიერია ავტორის შინაგანი ჭვრეტა და შეუძლებელია ამოვხსნათ ყოველი ფრაგმენტი, წვრილმანი, ცალკეული ეპიზოდი, რადგან წამყვანი განწყობილებაა და განწყობილებები ხშირად იცვლება. ხშირად, ავტორი თითქოს თანმიმდევრული არ არის და მოულოდნელი სვლებით თუ ნახტომებით აოცებს მკითხველს, რომელიც იხიბლება უჩვეულო ფანტაზიით, სახეთა პლასტიკურობით, დინამიკურობით, მოულოდნელობის ეფექტით, მაგრამ გადამდები სედა ახლავს სტრიქონებს. ამ ლექსებს შეიძლება სევდიანი ხილვებიც ვუწოდოთ. ეს ბუნებრივიცაა, ავტორმა ხომ

,,ღამე ტირილით გამოიხურა

და გათენებას ვეღარ მიაგნო".

თითქოს ვერავინ ამჩნევდა მის ,,ქაოსებს იქით გაშვერილ ხელებს"; თითქოს ,,ბედი ხერხავდა" და ისიც ამ ბედთან გაშველებას ითხოვდა, თავის ლექსებს კი ,,ხმაბნელ შემოქმედებას" უწოდებდა.

მისთვის სამყარო ხან ვრცელი და ფუტუროა, ხან _ ,,ნიავის თეთრი ნაფეხურებით" მორთული. თავად კი ხან შეშლილი დაყიალებს დედამოწაზე, როგორც შემთხვევით შემოხეტებული მგზავრი და კითხულობს: ,,დედამიწაზე ნეტავ რისთვის შემოვეხეტე?.." ხანაც პირიქით _ დედამიწისკენ მორბის:

,,მე კი მოვრბოდი დედამიწისკენ,

რომ შემეწყვიტა ზარების რეკვა".

პოეტი ცდილობს, მოწყდეს რეალობას და დაივიწყოს ყელაფერი, თვით სიყვარულიც კი, რადგან სიყვარულის ტარება არც თუ ისე იოლია:

,,და მინდა მხოლოდ ისე დავთვრე, ისე საძაგლად,

 რომ სიყვარულიც დამავიწყდეს და ჩამეძინოს."

უკვე ბედნიერებაც აღარ უნდა თითქოს.

(,,როგორ არ მინდა, რომ ხვალ გათენდეს

როგორ არ მინდა ბედნიერება.")

სინამდვილეში, უბრალოდ იცის, რომ ბედნიერება შორსაა მისგან (,,მე შორს დავრჩები ბედნიერებას"). მას ,,გულის კვამლი" უწვავს თვალებს, ამიტომ ეჩვენება,

,,რომ ამ დასაქცევ დედამიწაზე

ბედნიერებაც დასაგმობია."
ძალიან მძაფრია მარტოობის განცდა:

,,არსად, არასდროს მე არავინ არ მეყოლება

და ჩემს მკვდარ სხეულს ჩემი ხელით დავასაფლავებ".
ის ბედით იყო გაწვალებული (,,ჭვალივით მივლის სხეულში ბედი და საძაგელი ჩემი ცხოვრება"). ტანჯავდა ბედი და ცხოვრების გადაგვარება:

,,მე კი ცეცხლივით გულს მეკიდება

ჩემი ცხოვრების გადაგვარება."
ნ. სამადაშვილის ლექსები გაჟღენთილია სევდით, ტკივილითა და მარტოობით:

,,მე არავის არ ვუნდივარ,

არც არავის ვებრალები,

თან მომდევენ, რომ დავდივარ

ჩემი ბედის ფრინველები."
მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ და შეუძლიათ მისი გულის წიაღის ხილვა. სწორედ ეს განცდა იგრძნობა სტრიქონებიდან:

,,ღამე ჩემს გულში ბეღურებს სძინავთ,

მხოლოდ ჩიტები მეგუებიან".
...ერთ ლექსში ნ. სამადაშვილი წერს:

,,მაღლა ვეღარ ვწევ ჩაქნეულ ხელებს."
თითქოს უბრალო ფრაზაა, თითქოს არაფერია უცხო (არც შედარება, არც ეპითეტი), მაგრამ დაჭერილია მეტად მძაფრი განწყობილება, ესაა იმედგაცრუება თუ უსასოობამდე მისული ,,ხელჩაქნევა". ეს განცდა კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იღებს პოეტურ ხილვაში:

,,ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე,

თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები".
პოეტი თითქოს დრო-სივრცესთან შეუთავსებლობას გრძნობს. ერთი მხრივ, მას აწუხებს შეგრძნება იმისა, რომ ,,ძალზე გვიან დაიბადა", მეორე მხრივ _ ძალზედ ტკივილიანი მიმართება სამშობლოადმი:

,,ირგვლივ დარდები შემომაშენეს,

თვალის სინათლეს მწუხრნი კენკავენ,

ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ

სამშობლოს იქით გადაგვრეკავენ".
ნ. სამადაშვილს საოცრად ექსპრესიული პოეტური სახეებით აქვს გადმოცემული ხიფათიანი დროება და ამ ხიფათის მარადიული შეგრძნება:

,,ქვეყნიერება ჩვენ დაგვიგეს კაკანათივით".
მას ეუფლება განცდა, რომ განგებ დაიღუპა საქართველოში, საქართველო კი... ,,მე საქართველო მაინც მემდურის," _ წერს პოეტი და სამშობლოს დედინაცვლად წარმოიდგენს:

,,გავჩნდი განგებ, რომ დავღუპულიყავ

ჩემს დედინაცვალ საქართველოში".
მართლაც და, ,,ასეთი ყოფა ცხენზე შემჯდარ ეშმაკს დაღლიდა"; ამგვარ ყოფაში, ალბათ მხოლოდ შემოქმედებითი წვა თუ იქნება შვება.

,,ეს შენი გული არყის ქვაბია

და შიგ უნთია შენი ლექსები,

ამაზე მეტი რა გაქვავია,

აგერ მთის იქით ყვირიან მთები."
მაგრამ ცრემლების კირით შედუღებული ლექსები შვება კი არა, წამება იყო პოეტისათვის:

,,ლექსების ჯღაბნა წამებად გექცა,

სჯობდა ვენახის კვალი გებარა.

ვის რად უნდოდა ეს თვალთმაქცობა,

ნეტავი ქარში გადაგეყარა".
თუმცა, ქარიც ერჩოდა მას და მის შემოქმედებას:

,,საკუთარ ლექსებს ჩემს ძვლებზე ვაფენ,

ამ სარეცხს მუდამ ძირს მიყრის ქარი."

 ,,ნ. სამადაშვილის უბედურება ის იყო, რომ მისი პოეტური მოწიფულობის ხანა შესაფერის ლიტერატურულ ატმოსფეროს არ დაემთხვა." სწორედ ამიტომ ,,გვალვა დაუდგათ თავთუხა ლექსებს."

ნ. სამადაშვილი (,,დროების ჭაობში მოხეტიალე სული") საოცარი ძალით ხატავს სამყაროს სურათებს და მკითხველს აგრძნობინებს ამ სამყაროში თავის წამებას.

,,ნ. სამადაშვილის ესთეტიზმი ტანჯვის ნიშნით არის აღბეჭდილი. ეს ქვეყანა ,,მწყემსდაღუპულ სოფლის ნახირად ქცეულა". სწორედ ეს განწირული ქვეყანაა ჩაწურული მის პოეზიასა და პროზაში."

ნ. სამადაშვილის ლექსები ძალზედ შთამბეჭდავია, მაგრამ მძიმეა თავისი ტკივილითა და განწყობილებებით. ეს ტკივილი ბუნებრივად იღვრება სტრიქონებიდან და მოიცავს მკითხველს, მაგრამ მიუხედავად ამ დიდი ტკივილისა, მიუხედავად სევდიანი თუ ჯოჯოხეთური განწყობილებებისა, ნიკო სანადაშვილის პოეზია სავსეა სიკეთით, სიყვარულით, სინათლით. ,,ყველაფერს მსჭვალავს დიდი სიკეთე, რომელიც შეუძლებელია რაიმეს დაექვემდებაროს ან დაემორჩილოს. მის ლექსებში ხშირია აღსარებანი, როდესაც იგი აღიარებს საკუთარ ურწმუნოებას. ასეთ შემთხვევაში აშკარად იგრძნობა ხოლმე ის შეუზომელი სიყვარული, რომელსაც პოეტი გულით ატარებს.

,,იწოდა კაცი ჩუმი, მგზნებარე,

თან სიცოცხლეზე რჩებოდა თვალი."

სამყარო თავს მაბეზრებდა, მაგრამ მას მაინც უყვარდა სიცოცხლე (,,ის მიდიოდა და მაინც კიდევ სულ სიცოცხლეზე ეჭირა თვალი."). მას უყვარდა სამყარო და ყველაფერი, რაც ამ სამყაროშია მოქცეული, რადგან ის თავად იყო ,,წერტილი, სადაც თავდება სამყაროს უიმედობა" და მას შესწევდა ძალა, ეთქვა:

,,ამინ ყველაფერს, რაც მიწაზედ ჩამოუყრიათ,

ბედნიერება, სინანული, ტანჯვა, წამება!"
...,,ვინ იცის, რამდენი მოდგმის ადამიანს უწერია თავისი ცხოვრება. ზოგს ალალი განცდები ძნებად შეუკრავს და წრფელი სტრიქონების ვარაყიანი ზვინები აუმართნია: ზოგიერთს მთელი თავისი სიცოცხლე შთამაგონებელი ფიქრების ელვარებით, საღრმთოსავით აუტანია პოეზიის მწვერვალზე, ზოგიერთაგანის ცეცხლმოკიდებულ გულიდან დაგუბებულ წარსულს ნიაღვარივით გადმოუხეთქია, გაურღვევია მოთმინების ჯებირი და ზურგშექცეულ კაცობრიობას ყვირილით გაჰკიდებია," მაგრამ ტანზე ლექსებგამოყრილი არავინ ყოფილა, ტანზე ლექსები დუქარდით არავისთვის აუჭრიათ, გარდა ნიკო სამადაშვილისა.

ზ. კიკნაძე ნ. სამადაშვილს პოეტ-მხატვარს უწოდებს, ზ. სიხარულიძე პოეტ-მოაზროვნეს, ფიქრის პოეტს, ჯ. მეხრიშვილი - ქართულ პოეზიის ხემძევალს. მე კი უნებურად ო. ჭილაძის ლექსი მახსენდება (იგი უჩვეულოდ ესადაგება ნ. სამადაშვილს).

,,ყველა ჯავრიანი კაცის

სიმწრის სიკვდილამდე ზიდვა

ადრე დაებედა ყმაწვილს

და ამ უძნელესი გზიდან

ვეღარ გადაუხვევს აწი,

რადგან საუკუნე ზრდიდა

მამინაცვალივით მკაცრი."

ნ. სამადაშვილის ცხოვრება ისე აეწყო, რომ სიცოცხლეში არა თუ დაფასება და აღიარება არ ღირსებია, არამედ მშვიდი ცხოვრებაც უცხო იყო მისთვის. ლექსებს არ ბეჭდავდა და არც ურჩევდნენ, ხოლო როცა ნაწერების დაბეჭვდა მოისურვა, რედაქტორმა ბევრი რამის შეცვლა მოითხოვა მისგან, რაზეც, რასაკვირველია, არ დაეთანხმა ნიკო სამადაშვილი და უკან წამოიღო ნაწერები. Aმდენად, ნიკო სამადაშვილი პოპულარული არ ყოფილა და ახლაც, ვფიქრობთ მის არაჩვეულებრივ პოეტურ სტრიქონებს განსაკუთრებული თვალით და გრძნობით წაკითხვა ჭირდება, რომ შეიცნო და დააფასო.

ნ. სამადაშვილის პოეტური სამყარო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანია. ორიგინალური სტილი, განუმეორებელი კოლორიტი სამუდამოდ აღიბეჭდება მკითხველის ცნობიერებაში.

ნ. სამადაშვილი ტკივილიანი ფიქრის პოეტია, ეს ტკივილი ეს ჩაფიქრება ყველა ლექსიდან ჟონავს.

,,დავიღუპები, ჩაყოლილ ხსოვნებს

ოდესმე, სადმე გაეღვიძებათ,

ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე დიდხანს,

რაც სიცოცხლეში არ შეიძლება."

ნიკო სამადაშვილის ,,წინასწარმეტყველება" ახდა - პოეტის ხსოვნამ გაიღვიძა და დიალოგიც შედგა მკითხველთან. ნიკო სამადაშვილი გვესაუბრება მეტად ექსპრესიული პოეტური სახეებით, ხედვითი ხატებით, ორიგინალერი სიტყვათშეხამებებით, თავისებური, მისეული სიტყვებითა და იშვიათი პოეტური მუხტით აღსავსე სტრიქონებით. ჩვენ კი ისღა დაგვჩენია, მისივე სიტყვები მოვიშველიოთ: ,,რა იქნებოდა, ცოტა ხანს კიდევ ეცოცხლა იმ ადამიანს, ვინც თავის აგდებულ ცხოვრებას თვითონვე დაათენდა თავისი ნათელი შემოქმედებით. რა იქნებოდა, რომ არ მოესპოთ, არ ჩაექოლათ ის ადამიანი, ვისაც ღრუბლის ნაძოვი მთები უყვარდა და შუაღამისას დაბურულ ბაღიდან `ვერხვების სტვენა", მაგრამ მას ადრე მიაგნო ,,უკვდავებამ":

,,შენ უკვდავებამ ადრე მოაგნო,

რადგან პოეტთა გუთნისდედა ხარ."
 

 

ჩხაიძე დათო

XI2 კლასი

Сайт создан в системе uCoz