საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

განაბულჯადოქრიანი  შემოქმედება

 

(რამდენიმე დაკვირვება გურამ დოჩანაშვილის ენის ექსპრესიულობაზე)

 

 

"ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი." გურამ დოჩანაშვილის ეს სიტყვები ბევრი რამის გააზრების საშუალებას იძლევა. "მწერალი ისაა, ვინც დიდ ნაწარმოებებს წერს." დიდი ნაწარმოები კი რომელია? - ნაწარმოები, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, აზროვნებისკენ, ფიქრისკენ უბიძგებს მას, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მკითხველი თითქოს იქ მოთხრობილი ამბების თანამონაწილე ხდება და განიცდის იმას, რაც გმირებმა განიცადეს. სწორედ ეს იწვევს მკითხველის კათარზისს.

ლიტერატურული ნაწარმოების შეფასებისას მთავარია, რა ზეგავლენა მოახდინა მან მკითხველზე. გ. დოჩანაშვილის ნაწარმოებები კი მართლაც უდიდეს გავლენას ახდენს, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მათი წაკითხვის შემდეგ ადამიანი თითქოს სულ სხვა თვალით უყურებს სამყაროს. როგორ შეიძლება, წაიკითხო "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და მან ზეგავლენა არ მოახდინოს შენზე. როგორ შეიძლება, კიდევ უფრო არ შეიყვარო წიგნი? რაღაც ახალი დეტალი არ აღმოაჩინო შენთვის მანამდეც საყვარელ პერსონაჟებში? "იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი. ეს სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება." სწორედ ამ აუცილებლობას გვაგრძნობინებს გ. დოჩანაშვილის შემოქმედება.

ავტორი ფიქრისკენ გვიბიძგებს, რადგან ქვეყანაზე არსებობს ისეთი ფასეულობები, რომელსაც თვალით ვერ დაინახავ, ის უნდა შეიგრძნო მთელი გულითა და სულით და მიწვდე გონების თვალით. როგორც დოჩანაშვილი წერს, ადამიანის ტვინი ასეა მოწყობილი: "თუ არ დაინახა და არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება." დოჩანაშვილის ნაწარმოებები ფიქრისკენ მოგვიწოდებს: "იდექი და იფიქრე შენთვის, ფიქრს ვინ დაგიშლის... ძალაუნებურად ყოველთვის გაიგებ ან დაინახავ რაიმეს."

ამდენად, ამ ნაწარმოების ზეგავლენა მკითხველზე ძალიან დიდია, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მხოლოდ იდეა, მხოლოდ ნაწარმოების შინაარსი არაა მთავარი, არამედ მეტად მნიშვნელოვანია, როგორაა ხორცხშესხმული ესა თუ ის ფიქრი და აზრი.

"ყველა პერსონაჟი ერთნაირად მიყვარს," - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გურამ დოჩანშვილი (ალბათ სწორედ ესაა განმსაზღვრელი მისი შემოქმედებისათვის. სწორედ ეს დიდი სიყვარული იგრძნობა მისი ნაწარმოებებიდან, მკითხველსაც გადაედება და რაღაც დაუშრეტელი ენერგიით ავსებს.), მაგრამ ეს არ არის უბრალოდ პერსონაჟის სიყვარული. მისი ნაწარმოებებიდან, პირველ რიგში, ქართული ენის სიყვარულს გრძნობს მკითხველი. "სამშობლო უნდა გიყვარდეს და რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე,"- წერს გ. დოჩანაშვილი. ასეა ენაც, ლიტერატურაც -  რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე.

გ. დოჩანაშვილს ახასიათებს ენისადმი მეტად თავისებური მიდგომა. იგი, უპირველეს ყოვლისა, ენის შემოქმედია, იგი მართლაც შესანიშნავად იცნობს ქართული ენის წიაღს და ოსტატურად იყენებს მის ამოუწურავ ენობრივ შესაძლებლობებს. სწორედ ესაა მისი სტილის მთავარი მახასიათებელი.

"მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს", - წერს გ. დოჩანაშვილი და არაჩვეულებრივ კომპოზიტებსა თუ სიტყვაღშეხამებებს ქმნის.

 საოცარია მწერლის დამოკიდებულება სიტყვისადმი. იგი თითქოს აცოცხლებს ყოველ სიტყვას და ამბობს ისე, რომ არსსა და ფორმას შორის ძირეულ კავშირს გვაგრძნობინებს, თვით უცხო, ავტორისეული ლექსემები და სიტყვათშეთანხმებებიც - კი ბუნებრივად ჟღერს, რადგან მკითხველი მასთან გრძნობად კავშირს ამყარებს.

ზოგჯერ მხატვრული სახის საფუძველს რაღაც ერთი სიტყვა ან სიტყვათშეხამება წარმოადგენს.

"ქავილამდე აჟრჟოლებული, დამთბარი სული იმა ჯადოქრის შიგანს ჩასწვდა და შეაშმუშნა." ფრაზის ექსპრესიულობას განაპირობებს სიტყვათშეხამება - "ქავილამდე აჟრჟოლებული."

"ტანში დაზრინა. აქ, ამ უწმინდურ შენობაში, ბინძურ უკუნში, მუხლამდე ზიზღში იდგა და იდგა, ხელით კი ფლეიტა დაეჭირნა, ისეთი სუფთა, გრილი, შიშველი."

ძალიან მძაფრი სახეა "მუხლამდე ზიზღში დგომა," რომელსაც კიდევ უფრო ამკვეთრებს დაპირისპირება ფლეიტის სისუფთავესთან. თითქოს ამ დაპირისპირებაში იკვეთება პერსონაჟის სულიერი სიმძიმე და ჩანს, რომ ხსნა ისევ ფლეიტაშია.

"კარგივე იყო მცირე ჩანჩქერი - გალიპულ კლდეთა ჩამოშლილი თმა, აწოწილ ძნათა მწყალობელი სუნი." მწერალმა არაჩვეულებრივი ხედვითი ხატი შექმნა. მეტაფორა თავისთავად შთამბეჭდავია, მაგრამ ფრაზის მეორე ნაწილის ზეპოეტურობა, მისი ბგერწერა კიდევ უფრო ამძაფრებს ფრაზის ჟღერადობას და ექსპრესიას მატებს ნათქვამს.

"ფლეიტას მთვარის მჭვირვალად ჩამომწდომადი სული ედგა, მთვარე კი ფლეიტის ბაცი კუნძული იყო." არაჩვეულებრივი მეტაფორაა, რაღაც ამაღლებულ განწყობას ბადებს მკითხველში, ესთეტიკურ ტკბობას ანიჭებს მას.

განსაკუთრებით ხშირად, ავტორი მოუხმობს შედარებებს. შედარება მხატვრული მეტყველების ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხერხია. შედარებისთვის დამახასიათებელია საგნის ან მოვლენის რომელიმე თვისების ხაზგასმა. შედარებისას აუცილებელია, რომ არსებობდეს ორი ისეთი საგანი ან მოვლენა, რომლებსაც რაიმე საერთო აქვთ. შემოქმედი ცდილობს ორიგინალური, მაგრამ ადვილად წარმოსადგენი ნიშან-თვისებები დაძებნოს საგანთა შორის. გარდა ამისა, შედარება მით უფრო ეფექტურია, რაც მეტადაა საგნები ერთმანეთისგან დაშორებული.

"ბესამე აწყვეტილი იყო შარვლის უბრალო ღილივით კი არა, არამედ ზვავით."
ღილივით აწყვეტილში იგრძნობა დაკარგვისაკენ მიდრეკილება, უსუსურობა, სამყაროსაგან მოწყვეტა. ღილივით აწყვეტილი ადამიანი გულისხმობს, რომ იგი შეიძლება გამოუსედეგარი გახდეს, ზვავივით აწყვეტილში კი გამოიხატება რაღაც უდიდესი შემართება, მოზღვავება ენერგიისა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს.
"გვალვადამტყდარ მიწასავით დამსკდომოდა საყლაპავი და ხახა."

ყურადღებას იქცევს ჯერ თავად ლექსემა - "გვალვადამტყდარი." კომპოზიტის საშუალებით შექმნილ ექსპესიას აძლიერებს შედარება, რომელშიც ერთმანეთთან თითქოს სრულიად დაუკავშირებელი საგნებია შეერთებული.

"დარბაზი გრანდიოზულ საცივგადასხმულივით იჯდა."
ეს უკვე პოეტური სახე კი არა პოეტური ხილვაა. დარბაზში ხალხი ალბათ გარინდებული, დაძაბული, მონუსხული იყო. ამის სათქმელად მწერალმა შედარებას მიმართა და მეტად უცნაური, არაორდინალური მხატრული სახე შემოგვთავაზა. (ასოციაციით მივდივართ გამოთქმამდე - "ცივი წყალი გადაასხეს." იქნებ სწორედ ეს იყო გ. დოჩანაშვილისთვის ახალი მხატვრული სახის შექმნის იმპულსი?).

საოცრად შთამბეჭდავია შემდეგი მაგალითები:

"ჰოი, რაღა არ უტრიალებდათ ამღვრეულსა და აჭრილ რძის მაგვარ ფიქრებსა და მოძალებებში."

ამღვრეული და რძესავით აჭრილი ფიქრები - ამით უკვე ყველაფერი ითქვა.

"მზერანათელი, კანონებივით მკაცრი თითებით კლავესინზე დაბჯენილი, მწყობრ, ფაქიზ ხმათა მეშვეობით მთლად გამჭვირვალე, თითქოს ბერიკაცი."
ეს ყველაფერი იმ ბერიკაცის სახისა და ხასიათის წარმოსაჩენად, მისი ბუნების გასაგებადაა მოხმობილი. ფრაზა დატვირთულია ეპითეტებით. ორიგინალური შედარება კიდევ უფრო აძლიერებს ექსპრესიას - "კანონებივით მკაცრი თითები" - როგორ შეიძლება თითები მკაცრი იყოს კანონებივით? მაგრამ სწორედ ამ შედარებით ხდება ნათელი ვირტუოზის მთავარი თვისება, კანონებრივ სიმკაცრესთან გაიგივებული შეუცდომლობა - ხელის უნებლიე მოძრაობა და... მუსიკის ფაქიზი და მწყობრი ჰარმონია დაირღვევა. ხელოვნებასაც აქვს თავისი მკაცრი კანონები და ზოგჯერ, დოჩანაშვილისა არ იყოს, ლიტერატურა მათემატიკაზე მეტად ზუსტი მეცნიერებაა.

"კარვებთან შორიახლოს ჩაჟამებული გომური იდგა, მორუხო ხავსით გამოჭმული, მოქმედი იყო - იდუმალ ხმოვნად ედებოდა გასაბზარ ღამეს დათვდასიზმრული ძროხის ბღავილი სიოს კი, ვითომც სუსტსა და ფაქიზს, მორცხვულად უკმეხს, იქითა მხრიდან დროდადრო ნაკელისა და შმორის წელადი, უხამსოდ მოტკბო სუნი მოჰქონდა."
იშვიათია ამგვარი გამომსახველობისა და სიმძაფრის ფრაზა. მეტაფორების და ეპითეტების სიუხვე, უჩვეულო სიტყვათშეხამებანი თავბრუდამხვევ ეფექტს ქმნიან. მორუხო, ჩაჟამებული, "ხავსით გამოჭმული გომური", "დათვდასიზმრული ძროხის ბღავილი," ნაკელისა და შმორის "უხამსოდ მოტკბო", "წელადი სუნი," - ძნელია ამ სიმრავლიდან რომელიმეს გამორჩევა, ექსპრესიას სწორედ მათი სიუხვე იწვევს.

ამრიგად, მოულოდნელ სიტყვათაშეხამებათა შექმნა გ. დოჩანაშვილის სტილის ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა.
"არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთ წოდებულ პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული, გესმით?" მართლაც - და, თრობას იწვევს გ. დოჩანაშვილის ნაწარმოებები. გათრობს ერთი მხრივ, ნათქვამის არსი და სიღრმე, მეორემხრივ - ენობრივი ქსოვილი.


თეონა
თამაზაშვილი.

X2 კლასის მოსწავლე

Сайт создан в системе uCoz