საძიებელი

ჩემი სკოლა

ინფორმატიკა და
   ინფორმაციული
   ტექნოლოგიები

მეცნიერება
   და ტექნიკა

 მემატიანე
 
ლიტერატურული
    გვერდი

  ჩვენი  
    შემოქმედება

  სამყარო და
    მშვენიერება

  ეს საინტერესოა
  სახალისო
 
ვინ ვართ ჩვენ


 

 

 

საქართველოსა და აშშ-ს განათლების სისტემის განსხვავებული და საერთო  შტრიხები

 

ყველასათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებები, რომელიც არავინ იცის სადამდე მიგვიყვანს ან რა კონდენციაში გაჩერდება. ჩემი ამერიკული "გამოცდილებიდან" გამომდინარე, საკუთარი მოსაზრებები გამაჩნია ამერიკის საგანმანათლებო სისტემის შესახებ. მეცხრე კლაში იქ ვსწავლობდი და ჩემდაუნებურად, ერთმანეთს ვადარებდი ჩვენსა და იმათ ქვეყანას, როგორც ყოფით ცხოვრებასა და ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაში, ასევე საგანმანათლებლო სისტემაშიც.  შესაბამისად,  ბევრი სიახლე გავაცნობიერე და გადავწყვიტე, ჩვენი თანამემამულეებისთვისაც გამეცნო ჩემი შეხედულებები და მოსაზრებები.
    დავიწყოთ იქიდან, რომ ამერიკული სკოლები შესანიშნავადაა დაცული. ჯერ მარტო შენობას  ექვსი პოლიციელი და რამდენიმე მანქანა იცავს. საჭიროების შემთხვევაში კი სასწრაფო, სახანძრო თუ ვერტმფრენი.  შენობაში ყველგან განთავსებულია სამეთვალყურეო ვიდეო-თვალი.
   საქართველოში მომწონს პატრულის ინსტიტუტის შემოღება და თუ სკოლებთანაც იქნება ასეთი სახის სამეთვალყურეო სამსახური, ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება მოსწავლის უფლებებისა და უსაფრთხოების დასაცავად.

რაც შეეხება ინტერიერს, ამერიკაში, სკოლა მეტად კომფორტულადაა მოწყობილი: ბრწყინვალე ინვენტარი, რემონტი, გათბობის სისტემა, კონდენციონერები (იქ ზაფხულში ძალიან დიდი სიცხეები იცის), ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები და მოედნები, უახლესი  კომპიუტერები და უსწრაფესი ინტერნეტი.

საქართველოში ასეთი უნაკლო სკოლა, სამწუხაროდ, არ მოიძებნება, რაც მეტყველებს არა მარტო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მოუწესრიგებლობასა და განათლების სამინისტროს უყურადღებობაზე, არამედ, ზოგადად, ქვეყნის დონეზე და პრობლემებზე.

ერთი სიტყვით, თუ ამერიკაში სწავლა გადაწყვიტეთ, პირობას გაძლევთ, რომ პრობლემები არ შეგექმნებათ, რადგან ყოველ დილით მოგაკითხავთ სკოლის ავტობუსი, რომელიც უფასოდ მიგიყვანთ სკოლაში და ასევე უფასოდ დაგაბინავებთ სახლში. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, არც ამაზე დაგჭირდებათ ზრუნვა, რადგან სკოლა ვალდებულია უფასოდ დაარიგოს ისინი.

ამერიკაში მოსწავლის უფლებები დაცულია. მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს ის საგნები, რომლებიც აინტერესებს; მას აქვს სიტყვის თავისუფლება და ფიზიკური ხელშეუხებლობის გარანტია, რომელიც ხშირად ირღვეოდა პოსტ-საბჭოური სივრცის ქვეყნებში.

სწავლების პროცესი ამერიკაში შემდეგნაირია: სწავლის დაიწყების წინ ამერიკის ყველა სკოლაში მოსწავლეები ისმენენ ამერიკის ჰიმნს. დღეში 4 გაკვეთილი ტარდება და თითოეული მათგანი 1:30 სთ. გრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკაში სასწავლო პროგრამა ბევრად იოლია, ვიდრე საქართველოში, მაგრამ სწავლების სისტემა ბევრად ჯობია ჩვენსას.

რაც შეეხება მასწავლებლებს, ისინი არიან ძალიან მეგობრულები და არასდროს ურევენ ერთმანეთში სასკოლო და მეგობრულ ურთიერთობებს. მასწავლებელი მოსწავლეს არასდროს აძალებს სწავლას, რადგანაც ბავშვს გააზრებული აქვს, რომ ცუდი ყოფაქცევისა და ცუდი ნიშნების შემთხვევაში, მას მოუწევს კლასში ჩარჩენა და შემოდგომაზე დამატებითი გამოცდის ჩაბარება. მოსწავლეს აზრადაც არ მოუვა, მასწავლებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს, ეს ამერიკაში მკაცრად ისჯება (მოსწავლეს ენიშნება "შაბათის სკოლა", რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მოსწავლე, სამი კვირის განმავლობაში, შაბათ დღესაც კი უნდა მივიდეს სკოლაში და მთელი დღე იმეცადინოს მეთვალყურეობის ქვეშ).

ამ სტატიით მინდოდა რაღაც საერთო შტრიხები  და პარალელი გამევლო საქართველოსა და ამერიკის საგანმანათლებლო სტრუქტურებს შორის, რაც საკმაოდ ძნელია თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა ეკონომიურად გაცილებით ძლიერი ქვეყანაა, ვიდრე საქართველო, თუმცა, ერთი საერთო მაინც გვაქვს - ქართველებსაც და ამერიკელებსაც გვსურს, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა.

დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ აზრი, ვითომ ამერიკელებმა არ იციან სტუმრის პატივისცემა, მეზობლობა ან მეგობრობა, მხოლოდ ის სტერეოტიპია, რომელიც საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა.

რა თქმა უნდა, არავინ იცის ისეთი მასპინძლობა, მეზობლობა და მეგობრობა, როგორიც ჩვენ, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთი წელი გახლდით ამერიკაში და საოცრად დიდ მეგობრულ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი. ვგრძნობდი, თუ როგორ აფასებდნენ იმ ფაქტს, რომ მე, სხვა ქვეყნის შვილი, ჩასული ვიყავი მათ ქვეყანაში იმისათვის, რომ მესწავლა მათი კულტურა და ენა.

X1  კლასის მოსწავლე
გიორგი პავლიაშვილი

              

                               

Сайт создан в системе uCoz